იურიდიული დახმარების სამსახურის ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრის იურისტმა იამზე მემარნიშვილმა, რომელსაც სახელფასო დავალიანების ანაზღაურების პრობლემით კონტროლის პალატის ყოფილმა თანამშრომლებმა მიმართეს, სასამართლოში მათი ინტერესების სრულად დაკმაყოფილებას მიაღწია.
ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრს მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტში, ფინანსთა სამინისტროში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის გარკვევის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ მიმართეს. კონსულტანტმა იამზე მემარნიშვილმა მათ პრობლემის სასამართლოში გადაწვეტა ურჩია და შესაბამისი დახმარებაც აღმოუჩინა.
2000-2001 წლებში კონტროლის პალატიდან დათხოვნილმა მოქალაქეებმა კონსულტანტ იამზე მემარნიშვილის მიერ შედგენილი სასარჩელო განცხადება შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც მათი მოთხოვნა მთლიანად დააკმაყოფილა. თუმცა, მოპასუხე მხარემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტის მიერ მომზადებული შესაგებელი სააპელაციო სასამართლოშიც შედეგიანი აღმოჩნდა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილება ძალაში უცვლელად დატოვა და მოსარჩელეებს 10 ათასი ლარის ოდენობის სახელფასო დავალიანება სრულად აუნაზღაურდათ.
აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებს უფასოდ ემსახურება და, კონსულტაციების გარდა, სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებას უწევს. სამსახურის 10 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს.