"განათლების ლიგის" პრეზიდენტი მანანა ნიკოლეიშვილი ხელისუფლებას და განათლების ყოფილ მინისტრს ნიკა გვარამიას საქართველოში განათლების სისტემის "დასამარების" მცდელობაში ადანაშაულებს და პრეზიდენტს დაუყონებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება მანანა ნიკოლეიშვილმა დღეს პარლამენტში დეპუტატ გია ცაგარეიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ცააგრეიშვილმა აღნიშნა, ნიკოლეიშვილის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად განათლების ყოფილმა მინისტრმა ნიკა გვარამიამ 11 აგვისტოს, 2 ნოემბერს, 1 დეკემბერს და 4 დეკემბერს გამოსცა ბრძანებულებები, რომლის თანახმად, ქვეყანაში დაწესდა შეფასების დაღმავალი პრინციპი, რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ მოსწავლის სემესტრული ნიშანი მრგვალდება არა ერთეულის, არამედ ათეულის დონეზე.
"ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ათოსანი მოსწავლე ცხოვრებაში ერთხელ მიიღებს 9-ს იგი ათოსანი ვეღარასოდეს გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი არა თუ წარჩინების დიპლომს, არამედ ატესტატს საერთოდ ვერ აიღებს", - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
განსკაუთრებულ აქცენტს კი იმაზე აკეთებს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას აქამდე არც მასწავლებლები და არც მოსწავლეები არ ფლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ განათლების მინისტრის პირველი განკარგულება 11 აგვისტოს არის გამოცემული. ''
ნიკოლეიშვილი ვარაუდობს, რომ ინფორმაციის დამალვა ხალხის მასობრივი პროტესტის შიშის გამო მოხდა, მაგრამ მისი თქმით, ახლა უარესი დანაშაული ხდება, როდესაც მასწავლებლებს აიძულებენ ტრიმესტრის ბოლო ამ პრინციპით გააკეთოს და მათ უკვე დაწერილი ნიშნების გადასწორებასაც კი სთხოვენ.
"ეს კი არის სისხლის სამართლის დანაშაული, ვინაიდან სასწავლო ჟურნალი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და აქ ჩასწორების გაკეთება სისხლის სამართლის დანაშაულს ნიშნავს" - განმარტავს გია ცაგარეიშვილი. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ცაგარეიშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან ხდება მოსწავლეების დისკრიმინაცია, რაც იმით გამოიხატება, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ტრიმესტრის შემდეგ საზღვარგარეთ მიემგზავრებიან გვარამიას ბრძანებით ნიშნები დაეწერებათ ერთეულის დონეზე დამრგვალებით.
ნიკოლეიშვილიც და ცაგარეიშვილი აცხადებენ, რომ ეს არის მოსწავლეებისადმი დისკრიმინაციული მიდგომა, რაც არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო ნორმებს და პრეზიდენტს დაუყონებლივ რეაგირებას თხოვენ.
ცაგარეიშვილი განათლების ახალ მინისტრს დღესვე გაუგზავნის დეპუტატის შეკითხვას, სადაც იგი ითხოვს პასუხის კითხვებზე, თუ დღეის მდგომარეობით საქართველოში რამდენი ათოსანი მოსწავლეა, რამდენი მოსწავლეა 5-ის ქვემოთ, რა მიზეზით გატარდა აღნიშნული რეფორმა და ეს რეფორმა რა მიზანს ემსახურება.