საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს მინისტრი "აქსისისა" და "ევორდის" ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრებს მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავიძე და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ირაკლი მატკავაც დაესწრნენ.
როგორც დღევანდელ შეხვედრებზე მინისტრმა პოლოლიკაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.
"სამშენებლო სექტორში არსებული პრობლემები სამშენებლო კომპანიებმა და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა მოაგვარონ, ამისთვის საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა და ამ მიმართულებით სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს" - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მყიდველსა და სამშენებლო კომპანიებს შორის ნდობის აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, რაც იმის მანიშნებელია რომ სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის.
ზურაბ პოლოლიკაშვილი სამშენებლო სექტორში არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით უკვე მეორე დღეა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. გუშინ მინისტრი "ცენტრ-პოინტის" და "არსის" ხელმძღვანელებს შეხვდა.
მინისტრისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მინისტრი 11 სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება.
სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის მთავარი მიზანი იმ პრობლემების გაცნობაა, რომლებიც სამშენებლო სექტორში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და 2008 წლის აგვისტოსდროინდელი მოვლენების შედეგად არსებობს.