"ლათინური ამერიკა მეორე ვიეტნამი გახდება აშშ-ისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი რეგიონში თავის მილიტარისტულ აგრესიას გააგრძელებს",- ეს განცხადება ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა დღეს, ბოლივარიული ალიანსის სამიტის დასრულებისას გააკეთა, რომელიც კუბის დედაქალაქში იმართება.
"ჩვენ დავიცავთ ლათინურ და სამხრეთ ამერიკას აშშ-ს მილიტარისტული აგრესიისგან", - განაცხადა მორალესმა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ ლათინურ ამერიკაში მალე აღარ იარსებებენ პროამერიკული მთავრობები.
კოლუმბიაში პენტაგონის მიერ სამხედრო ბაზების გამოყენებაზე საუბრისას კი მორალესმა განაცხადა, რომ "ეს მთელი სამხრეთ ამერიკისთვის და უპირველეს ყოვლისა, ვენესუელისათვის არის სახიფათო".
"ამ საკითხთან დაკავშირებით"კონტინენტალური რეფერენდუმის" ჩატარებაა საჭირო", - განმარტა მან.
გარდა ამისა, მორალესმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის "გაფრთხილებაზე" იმის თაობაზე, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ბოლივიამ და ვენესუელამ ირანთან კავშირები დაამყაროს.
მორალესმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს მთელს მსოფლიოსთან და "ვაშინგტონმა ჭკუის დარიგებებისგან თავი უნდა შეიკავოს".
ამას გარდა, ბოლივიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლივარიული ალიანსი, რომელმაც წელს დაარსებიდან ხუთი წლისთავი აღნიშნა, "ფართოვდება, მიუხედავად გამუდმებული მუქარებისა, რომელიც კაპიტალისტური სისტემიდან მომდინარეობს".