იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მასიმო ტარტალიამ, რომელმაც მასზე თავდასხმა განახორციელა, ბოდიშის წერილი მისწერა.
42 წლის ტარტალიას წერილი ბერლუსკონის მისმა ადვოკატებმა გადასცეს. წერილში ტარტალია თავის ქმედებას "გაუცნობიერებელ და მზაკვრულ ნაბიჯად" აფასებს და მომხდარის გამო "დიდ სინანულს გამოთქვამს".
42 წლის ტარტალიას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის უკვე 10 წელია ფსიქიატრთან დადის. ამჟამადაც, მილანის ციხე "სან ვიტორეში" ნევროფსიქიატრიულ ცენტრში სპეციალური დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 13 დეკემბერს, მხარდამჭერების მიტინგზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრს ტარტალიამ ორი-სამი მეტრის დაშორებით მილანის ტაძრის სუვენირი სახეში ესროლა. ბერლუსკონის გაუტყდა ცხვირი, დაუზიანდა ორი კბილი და ტუჩის სერიოზული ტრავმა აღენიშნებოდა.
ტარტალიას ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა, რომ იგი მარტო მოქმედებდა და არავითარ პოლიტიკურ დაჯგუფებაში გაწევრიანებული არ არის. ამჟამად ტარტალია ციხე "სან ვიტორეს" ექიმი ფსიქიატრების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
იტალიის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის მინისტრის მოადგილის პაოლო ბონაიუტის განცხადებით, არც ბერლუსკონის და არც მის თანამშრომლებს ჯერჯერობით ტარტალიას მიერ დაწერილი ბოდიშის წერილი არ უნახავთ. ამას გარდა მისივე ინფორმაციით, ბერლუსკონიმ უარი განაცხადა ტელევიზიით ის სიუჟეტები ენახა, რომლებიც მასზე თავდასხმას ასახავდა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ბერლუსკონის სახელზე მილანში სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატულების მრავალი გზავნილი მიდის.
ბერლუსკონის მხარადაჭერისა და მისი სწრაფად გამოჯანმრთელების სურვილი უკვე გამოთქვეს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, ბრიტანეთის პრემიერმა გორდონ ბრაუნმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ევროკავშირის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებმა.
ამას გარდა რომის პაპმა ბენედიქტ XII-მ იტალიის პრემიერზე მომხდარ თავდასხმას "დაგმობის ღირსი აგრესია" უწოდა.