მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს გამოეხმაურა, რომლის დროსაც რუსული დრონები რამდენჯერმე მოლდოვის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.
სანდუს განცხადებით, 24 სექტემბრის დილით ოთხმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია და ერთ-ერთი მათგანი, სულ მცირე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქდა.
„რუსეთის მიერ წარმოებული ომი მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს. ჩვენ ვგმობთ ამ ომს და სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
24 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური იერიში განახორციელა. მათ შორის, რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში. დილის მონაცემებით, დაიღუპა ორი და დაშავდა რვა ადამიანი.
იმავე ღამეს რუმინეთმა უკრაინა-რუმინეთის საზღვართან დრონების გამო საბრძოლო თვითმფრინავები ასწია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუმინეთის სუჩავის ოლქში დრონი ჩამოვარდა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერა.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო სამხედრო ავიაცია პოლონეთმაც ასწია.