ხვალ, 19 ოქტომბერს 11:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს "ქართული ხელნაწერი" ილია II, რუსუდან კერვალიშვილი და ერიკ ფურნიე გახსნიან.
პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი "ქართული ხელნაწერი" ტარდება საქართველოს პარლამენტის პატრონაჟითა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) ფინანსური მხარდაჭერით.
სიმპოზიუმი მიზნად ისახავს ქართველოლოგიური კვლევების სფეროში აქტუალური საკითხების წინ წამოწევას, უკვე დაგროვილი ცოდნის შეჯამებასა და სამომავლო კვლევითი პერსპექტივის დასახვას.
სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.
მეცნიერებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ და აქტიურად ჩაერთონ ქართველოლოგიურ დისკუსიაში, რაც ქართველოლოგიური სკოლის სხვადასხვა თაობის დაახლოებისა და თანამშრომლობის საშუალებას იძლევა.