საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაზისუბანში, ცოტნიაშვილების ოჯახს ესტუმრა და მოხუცებს მედიკამენტები მიუტანა. ქვეყნის პირველი პირი იმითაც დაინტერესდა, როგორ იღებს პენსიონერი ცოლ-ქმარი სამეციდინო დახმარებას, მოქმედებს თუ არა დაზღვევის სისტემა და რამდენად ძვირის გადახდა უწევთ მედიკამენტებში.
მოხუცებისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, რომ მათ პენსიის თითქმის ნახევარი წამლებში ეხარჯებათ, სააკაშვილმა საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები გააკრიტიკა და განაცხადა, ქვეყანაში მედიკამენტები რეალურ ფასზე 40 %-ით ძვირია.
"რატომ უნდა ღირდეს წამლები საქართველოში უფრო ძვირი? იმიტომ, რომ რომელიღაცა მონოპოლისტ კომპანიას ხალხის ხარჯზე ხელის მოთბობა უნდა. ახლა ვმუშაობთ ახალ კანონზე, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს", - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ მედიკამენტების ფასი საქართველოში 4-ჯერ გაიაფდება და სამედიცინო დახმარებაც ყველასთვის ხელმისწავდომი იქნება.
კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელიც დღეს პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი გახდა, პატენტების ბიუროა. სააკაშვილის თქმით, ფარმაცევტული კომპანიები, პარლამენტის გვერდის ავლით, სწორედ პატენტების ბიუროსთან კორუფციული გარიგების შედეგად ცდილობენ ქვეყანაში მედიკამენტებზე მაღალი ფასები შეინარჩუნონ.
"კომპანიებმა ნახეს პატენტების უსაქმური ბიურო, რომელიც უუნარო და უქნარა ხალხითაა დაკომპლექტებული და გადაწყვიტეს, მოგვატყუონ. ჰგონიათ, გვძინავს და ეს ქვეყანა იდიოტებისგან შედგება", - განმარტა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ცოტნიაშვილების ოჯახის სტუმარი 9 თვის წინაც იყო. ქვეყნის პირველ პირთან ერთად მოხუცებს დღეს ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილიც სტუმრობდა.