ეკონომიკური განვითარების მინისტრმა დღეს სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრები დაიწყო. საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ ზურაბ პოლოლიკაშვილი ამჯერად სამშენებლო ბიზნესში არსებულ მდგომარეობას გაეცნობა. ზურაბ პოლოლიკაშვილი დღეს კომპანიების `არსის~ და `ცენტრ პოინტის~ ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრებს მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავიძე და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ირაკლი მატკავაც დაესწრნენ. ზურაბ პოლოლიკაშვილმა განცხადებით, მისი მიზანსი იმ პრობლემების გაცნობაა, რომლებიც სამშენებლო სექტორში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და 2008 წლის აგვისტოსდროინდელი მოვლენების შედეგად არსებობს: `გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ - თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში მოვახდინოთ რეაგირება და დავეხმაროთ ამ ბიზნესს განვითარებასა და არსებული პრობლემების დაძლევაში. რაც შეეხება თავად პრობლემებს, ისინი შემდეგი მიზეზების გამო წარმოიშვა: ზოგადი ფონიდან გამომდინარე, ბანკებმა არ განახორციელეს სამშენებლო პროექტების დაფინანსება, თუმცა, ბოლო პერიოდში საბანკო სექტორი ამ კუთხით გააქტიურდა. მეორე საკითხია ნდობა მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს მათ შორის ნდობის ფაქტორი და იმ მაჩვენებელს დაუბრუნდეს, რომელიც აგვისტოს მოვლენებამდე იყო.~ ამასთან, როგორც ზურაბ პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, ის კარგად იცნობს სამშენებლო სექტორს, რადგან წლების მანძილზე, `თი-ბი-სი ბანკში~ მუშაობის პერიოდში პირადად ჰქონდა ამ ბიზნესის წარმომადგენლენბთან ურთიერთობა, რაც, მისი აზრით, უფრო გაადვილებს პრობლემების ერთობლივად მოგვარების პროცესს.
ეკონომიკური განვითარების მინისტრის ინიციატივას, პირადად გაეცნოს სამშენებლო სექტორში არსებულ სიტუაციას, მოწონებით შეხვდნენ თავად სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები. კომპანია `არსის~ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე აბულაძემ მინისტრთან შეხვედრისას აქცენტი სამშენებლო სექტორში არსებულ საერთოსტატისტიკურ მდგომარეობასა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებზე გააკეთა. რაც შეეხება კომპანია `ცენტრ პოინტში~ გამართულ შეხვედრას, საუბრის მთავარი თემა ის ღონისძიებები იყო, რომელთა საშუალებითაც სახელმწიფოს ბიზნესის ამ სფეროსთვის დახმარება შეუძლია. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა აღნიშნა, აქტუალურია სამშენებლო სექტორში ინვესტიციების მოზიდვის საკითხია, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. შეხვედრისას ასევე განიხილეს კადრების ერთობლივი მომზადების საკითხი. კერძოდ, ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, საქართველოში ცათამბჯენების მშენებლობის ინჟინრები პრაქტიკულად არ არიან, თუმცა, კომპანია რამდენიმე ასეთ პროექტზე მუშაობს, ასეთი სპეციალისტების ერთობლივი მომზადების პროგრამა კი სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვნად წაადგებოდა. ამასთან, რჩეულიშვილის აზრით, სასურველი იქნებოდა, თუ სამშენებლო კომპანიებსა და სამინისტროს შორის ურთიერთობა წარიმართებოდა უკვე არსებული სქემის `თბილისის მერია-მშენებლები-ბანკი~-ს ანალოგიურად.
ეკონომიკური განვითარების მინისტრისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.