საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობამ 2009 წლის შედეგები შეაჯამა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა, 2009 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საერთაშორისო საფინანსო სტანდარტების მიხედვით, საქართველოს ბანკის საქართველოში საბანკო საქმიანობის შედეგად მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 61.5 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 10.8 მლნ ლარი. ბანკის მთლიანი კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტმა მესამე კვარტალში 2009 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 21.2% შეადგინა.
"2009 წელს ადგილი ჰქონდა კლიენტთა დეპოზიტების მნიშვნელოვან ზრდას. 2009 წლის იანვრიდან ნოემბრამდე "საქართველოს ბანკის" კლიენტთა დეპოზიტები 16.6%-ით გაიზარდა და 2009 წლის მოემბრის მდგომარეობით თითქმის 1,1 მილიარდ ლარს აღწევს. ბანკის საბაზრო წილი ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით წელს 2,8%-ით გაიზარდა", _ განაცხადა ირაკლი გილაურმა.
გილაურის თქმით, 2009 წლის მეორე ნახევარში ბანკა დაიწყო სხვადასხვა ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება.2009 წლის ნოემბრის მდგომარეობით მიკრო სესხების საპროცენტო განაკვეთი 16%-ს, იპოთეკური სესხის _ 14,5%-ს, ავტო სესხის _ 16% და სამომხმარებლო სესხის 18%-ს შეადგენს. გილაურის თქმით, ბანკმა ორჯერ დაწია საპროცენტო სარგებელი დეპოზიტებზე 0,25-დან 0,5%-ის ფარგლებშI და შემდედ, 0,75-დან 1%-მდე ფარგლებში დეპოზიტების ტიპების მიხედვით.