დღეს, 14 დეკემბერს, 10:00 საათზე, "შერატონ მეტეხი პალასში", ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მრგვალი მაგიდების ციკლს, რომელიც მიმართულია ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებისთვის საჭირო ზომების და პოლიტიკის შემუშავებისკენ ყველა დაინტერესებული მხარეს შორის დიალოგის გზით.
მიმდინარე წლის მესამე შეხვედრის თემაა სურსათის უვნებლობა და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები (შPშ), რომელიც აგრეთვე განეკუთვნება ე. წ. ვაჭრობის არასატარიფო ბარიერებს და გულისხმობს სურსათის წარმოების სრული ჯაჭვის იდენტიფიცირების საშუელებების ანუ მიკვლევადობის სისტემის არარსებობის პირობებში საქართველოში წარმოებული კვების პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების შეუძლებლობას. სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაუცველობა ქვეყანაში საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, აყალიბებს არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს და აფერხებს ეკონომიკის ზრდას. მრგვალი მაგიდა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოთქვას აზრი იმის შესახებ, თუ რა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს საქართველოს, რათა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება და სავაჭრო პოტენციალის ამაღლება გახდეს შესაძლებელი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სურსათის უვნებელობაზე კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, სამოქალაქო და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლები, აგრეთვე ევროკომიის და ევროკავშირის ქვეყნების, აღმოსავლელი პარტნიორი სახელმწიფოების დიპლომატები.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მრგვალი მაგიდების შემდგომი შეხვედრები მიეძღვნება ასევე სხვა ტიპის სავაჭრო არასატარიფო ბარიერებს, როგორიცაა კონკურენციის მარეგულირებელი და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ნორმები. დისკუსიების შედეგად მიღებული რეკომენდაციები აისახება ფონდის მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენებში და მიეწოდება ყველა დაინტერესებულ მხარეს.