სეპარატისტული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში ხუთდღიანი შეფერხებით მუდმივი ბაზირებისათვის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ორი სასაზღვრო კატარღა ჩავიდა.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, "მანგუსტს" და "სობოლს" ოჩამჩირის პორტში სეპარატისტული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა და რუსეთის ფედერაციის ე.წ ელჩი აფხაზეთში, სიმიონ გრიგორიევი, ასევე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი აფხაზეთში, იური ზვირიკი დახვდნენ.
ოჩამჩირის პორტში გამართული საზეიმო ცერემონიალისას შესრულდა რუსეთისა და აფხაზეთის ჰიმნები და გაიმართა საზეიმო მიტინგი. ზვირიკის განცხადებით, კატარღები აფხაზეთის საზღვაო საზღვრებს დაიცავენ. გრიგორიევმა კი აღნიშნული ფაქტი რუსეთის ხელისუფლების "ბრძნულ" გადაწყვეტილებას _ აფხაზეთის აღიარებას დაუკავშირა. მან ასევე აღნიშნა, რომ სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელობის წინაშე დგას ამოცანა, რომ არა მხოლოდ უზრუნველყოს მშვიდობიანი და უსაფრთხო ცხოვრება აფხაზი ხალხისთვის, არამედ "დაიცვას რუსეთის ინტერესები მის საზღვრებთან".