ხვალ, 12 დეკემბერს, სეპარატისტულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნები მოსკოვის დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება. აფხაზური ე. წ. კანონმდებლობის თანახმად, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარს დააგროვებს.
სეპარატისტების ე. წ. ცესკოს მიერ შედგენილ სიაში 131 000 ამომრჩეველია. სულ აფხაზეთში 35 საარჩევნო ოლქი და 174 უბანია. საარჩევნო უბნები ასევე გახსნილია მოსკოვსა და ჩერკესკში. ე. წ. აფხაზური ცესკოს თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, არჩევნებს მხოლოდ რუსეთიდან 80 დამკვირვებელი ეწვია. მისი თქმით, დამკვირვებლები ასევე არიან დსთ-ის ქვეყნებიდან, ევროპასა და აშშ-დან.
ექსპერტთა ვარაუდით ძირითადი ბრძოლა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშსა და მისი ე. წ. მთავრობის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის გაიმართება. აღსანიშნავია, რომ თავად ბაღაფში გამარჯვებას არჩევნების პირველივე ტურში ვარაუდობს.