სს "ენგურჰესის" ორმხრივი, რუსულ-ქართული მართვის შესახებ ხელშეკრულება აფხაზურმა მხარემ დაბლოკა.
ჰესის მართვაზე ქართული და რუსული მხარეები 2008 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს. თუმცა, ხელშეკრულების გაფორმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ქართული მხარე ორივე შემთხვევაში დადებით ეფექტს მიიღებს.
„თუ ხელშეკრულება არ გაფორმდა, მაშინ საქართველოს მთავრობა ჰიდროელექტროსადგურზე და სოფელ საბერიოზე სტატუს-კვოს ინარჩუნებს. სხვა შემთხვევაში, აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ, „ენგურჰესი" და სახელმწიფო ბიუჯეტი წლიურად 24 მლნ ლარის დამატებით შემოსავალს მიიღებს. ამასთან, გვექნება გარანტია, რომ რუსები და აფხაზები ჰესის მართვაში არ ჩაერევიან და ასევე, აფხაზეთს ექნებოდა ქვოტა 1,3 მლრდ კვტ.საათის ოდენობით, რომელიც მოხმარების მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად არ შეიცვლებოდა", - აღნიშნა ხეთაგურმა.
მისი თქმით, ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგი თვითონ აფხაზური მხარეა, რადგან აფხაზეთი „ენგურჰესიდან" ელექტროენერგიას უფასოდ, მოთხოვნის შესაბამისად იღებს.
„ბუნებრივია, ამ ელექტროენერგიის რეალიზაციით, აფხაზებს არალეგალური გზით მიღებული გარკვეული შემოსავლები ექნება, რისი დაკარგვაც არ სურთ", - აღნიშნა ხეთაგურმა.
ურთიერთგაგების მემორანდუმით ქართული და რუსული მხარეები „ენგურჰესის" 10 წლის განმავლობაში ერთობლივ მართვაზე შეთანხმდნენ.
"ენგურჰესი" წელიწადში 4,2 მლრდ კვტ.საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ქვეყნის გენერაციის 45%-ია. 2003 წლიდან დღემდე გამომუშავებული ელექტროენერგიიდან მინიმუმ 1,2 მლრდ კვტ.საათს აფხაზეთი უფასოდ იტოვებდა.