რადიკალური ოპოზიციის მხრიდან 21 მაისის ამოჩემებას საპარლამენტო უმრავლესობაში მთვარის დედამიწაზე გავლენით ხსნიან. ამასთან, უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ რადიკალების რევოლუციური განწყობების გაზაფხულის ბრალიც იყოს.
"შეიძლება ნაწილობრივ მთვარის დედამიწაზე გავლენის ბრალია, არის ხოლმე მაკრო კოსმოსის გავლენა ადამიანებზე ან გაზაფხულის და ვინ რაში გამოხატავს თავს ძნელი სათქმელია", - აცხადებს დარჩიაშვილი და აქვე მესამე ვარიანტსაც, კერძოდ კი რუსულ იდეებსაც არ გამორიცხავს.
"რუსულ კავშირებს თუ დაუწყებთ ძიებას, შესაძლოა, იქ ამბობენ, რომ ასე სჯობია, რაღაცას დაემთხვევა, ამ დროს უფრო გვცალია, ან უფრო მეტი ფული გვექნება მაშინო. არ ვიცი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ არამგონია ეს ვინმესთვის პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს, პირველ რიგში მათთვის", - აღნიშნა დარჩიაშვილმა ბურჯანაძესა და ოქრუაშვილის მისამართით.
რაც შეეხება, პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის მუქარას, რომ სააკაშვილს აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემს, უმრავლესობის წევრი რადიკალურ ოპოზიციას ურჩევს "აღლუმებთან ბრძოლას და აშშ- საელჩოსთან მასკარადების ჩატარებას, სჯობია პოლიტიკური მეთოდებით იბრძოლონ" და თუნდაც დაიბრალონ, რომ უფრო კარგად ესმით ქვეყნის გასაჭირი.
ამასთან, დარჩიაშვილის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის რეიტინგები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად უმუშევრობის საოცრად მაღლი მაჩვენებლისა და გაჭირვებისა საზოგადოებას აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია აქვთ.
"ამ ხალხს კიდე არც სარკეში ჩახედვა და არც საზოგადოების მოსმენა არ უნდა. შემოიკრიბეს წრე განაწყენებული ადამიანებისა და ერთმანეთს ახალისებენ და აღიზიანებენ", - აღნიშნავს დეპუტატი.