საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მასობრივი არეულობის გამო, რომელიც ხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს მოჰყვა, კომენდანტის საათის შემოიღება იგეგმება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ ორშაბათს, 19 ოქტომბერს, კრიზისული შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ლეკორნიუს თქმით, მან პრეფექტებს შესაბამისი ზომების მიღება დაავალა. მისი განმარტებით, კომენდანტის საათის დაწესების მთავარი მიზანი მაღაზიების დაცვაა, რადგან ძარცვა კვლავ გრძელდება.
მოსალოდნელია, რომ იმ ქალაქების სია, სადაც კომენდანტის საათი ამოქმედდება, 19 ოქტომბრის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.
საფრანგეთში საპროტესტო აქციების ფონზე დაწყებული არეულობის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 2 000-ზე მეტი მაღაზია დაზარალდა. საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის, ალენ დი კრეშენცოს განცხადებით, 18 ოქტომბრის საღამოსთვის მაღაზიების დაზიანებისა და ძარცვის დაახლოებით 1 500 შემთხვევა იყო აღრიცხული.
მისი თქმით, მაროდიორობის შედეგად მიყენებული ზარალი ასობით მილიონ ევროს შეადგენს.
საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრმა სერჟ პაპენმა 19 ოქტომბერს კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი დაასახელა და განაცხადა, რომ დაზარალებულია, სულ მცირე, 3 000 მაღაზია.
იმავე დღეს პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ არ გამორიცხა, რომ „აუცილებლობის შემთხვევაში“ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
ამასთაბ, სებასტიან ლეკორნიუმ გაიმეორა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში მიმდინარე არეულობა „ორგანიზებული ქაოსია“, რაზეც პასუხისმგებლობა „ულტრამემარცხენე ექსტრემისტებსა და კრიმინალებს“ ეკისრებათ.
„არსებობს მტკიცებულებები, რომ საქმე გვაქვს ულტრამემარცხენე მოძრაობასთან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქაოსის დათესვას ცდილობს“, - განაცხადა ლეკორნიუმ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა უარყო პოლიციის მიმართ გამოთქმული კრიტიკა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა დაკისრებული მოვალეობა სათანადოდ შეასრულეს.
„ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. სამართალდამცველებმა კარგად იმუშავეს“, - აღნიშნა მან.
მანამდე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პოლიცია გააკრიტიკეს საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრი მოქმედებების გამო. აქციები განათლების სფეროში დაგეგმილ შემცირებებსა და ცხოვრების გაძვირებას უკავშირდებოდა.
ამავდროულად, გამოცემა AFP-ის ცნობით, როდესაც დამნაშავეები მაღაზიებს არბევდნენ, ადგილზე სწრაფი რეაგირებისთვის სამართალდამცველთა რაოდენობა, საკმარისი არ იყო. მაღაზიების მფლობელები აცხადებდნენ, რომ პოლიციაში დარეკვისას მათ პასუხობდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე გასაგზავნი თანამშრომლები არ ჰყავდათ.
გასული უქმეები, განსაკუთრებით 17 ოქტომბერი, ქვეყნის მასშტაბით ძალადობის მასობრივი შემთხვევებით აღინიშნა. დამნაშავეები მაღაზიებს ძარცვავდნენ, შენობებსა და ავტომობილებს ცეცხლს უკიდებდნენ. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ქუჩებში მწვავე შეტაკებები მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, არეულობის დროს პოლიციისა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების 997 თანამშრომელი დაშავდა. მათგან შვიდმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ქვეყნის მასშტაბით, უქმეების განმავლობაში, 2 331 ადამიანი დააკავეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ მომდევნო უქმეებზე, 24 და 25 ოქტომბერს, პოლიცია გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში იმუშავებს.
ამასთან, მოძრაობა „ყვითელმა ჟილეტებმა“ ფრანგებს 24 ოქტომბერს მოუწოდა, კვლავ გამოვიდნენ ქუჩებში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად.