"ქართული პარტიის" ლიდერ ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ამ ტიპის მხარდაჭერით ქართველი ხალხს სუვერენიტეტული არჩევანის თავისუფლებას ართმევს შიდა თუ სხვა პოლიტიკურ საკითხებში.
"თუ ვინმეს აინტერესებს, ქართველი ხალხის პოზიცია, გავიდნენ ეს პოლიტიკური ძალები და შეხვდნენ ხალხს და კითხონ რას ფიქრობს ქართველი ხალხი იმაზე, რასაც ქვია სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიმართ. ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები, მაგრამ ამ ტიპის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გვართმევს თავისუფლებას, სუვერენიტეტული არჩევანის თავისუფლებას შიდა თუ სხვა პოლიტიკურ საკითხებში. მიცხოვრია სხვადასხვა სოციალურ პოლიტიკურ ფორმაციაში და არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ე.წ. ცეკას ინსტრუქტორები შეიცვალონ სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქტორებად", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
კიწმარიშვილის თქმით, აქციების დაწყების შემდეგ მოვლენების შემდგომი განვითარების არც ერთი სცენარი გამორიცხული არ არის.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებით "ქართული პარტიის" თანათავჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილიც გამოვიდა. "თუ რუსეთი გვართმევს ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას", - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.