ოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პროკურატურის მორჩილი ადვოკატებისგან უნდა გაიწმინდოს.
როგორც ლორთქიფანიძემ პარლამენტში ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან ზაზა ხატიაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა, დროა ჩატარდეს ასოციაციის ყრილობა და იქ მოხდეს პროკურატურასთან გარიგებული ადვოკატების მხილება და გარიცხვა.
"საპარლამენტო მანდატის ამოწურვის შემდეგ კვლავ ადვოკატთა ასოციაციაში ვაპირებ დაბრუნებას და ვისურვებდი იმ დროისთვის მეტი ჟანგბადი იყოს", - მიმართა ხატიაშვილს დეპუტატმა.
თავის მხრივ ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი გახდა პროკურატურასთან მოთანამშრომლე ადვოკატების მხილებით არის დაკავებული და ასეთი 1000 ადვოკატი უკვე გარიცხა.
თუმცა, ადვოკატის თქმით, დღევანდელი კანონმდებლობა არ იძლევა თავისუფლად მოქმედების საშუალებას.
"კანონმდებლობა დასახვეწია, რადგან თუ ადვოკატი ზოგად კრიტერიუმებს აკმაყოფილებს მას ასოციაციაში გაწევრიანების ვერ დაუბლოკავთ. პირადად მქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად მოვახსნევინე იძულებული გავხდი ასოციაციაში მიმეღო, რადგან იგი კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა", - განაცხადა ხატიაშვილმა.