ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები პიერ მორელი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და გენდრიუს ჩეკუალესი (ეუთო) სოხუმში იმყოფებოდნენ. მათ სეპარატისტული აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ მე 16-რაუნდზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი განიხილეს.
როგორც პიერ მორელმა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ ღვინჯიასთან შეხვედრისას განაცხადა, მათი ვიზიტი აფხაზეთში დაკავშირებულია "ნორმალურ მოსამზადებელ პროცესთან მორიგი რაუნდისათვის".
"ჩვენ დისკუსიების ყველა მონაწილეს ვხვდებით და ასევე მოსკოვში გამგზავრებასაც ვაპირებთ", _ განაცხადა მორელმა.
მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ ეუთოს მხრიდან გენდრიუს ჩეკუალესმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში ჩატარებულმა შეხვედრებმა "კონსტრუქციულ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა".
ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 7 ივნისს უნდა გაიმართოს, მე-15 რაუნდი კი ჟენევაში მარტში ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები