პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრ გიორგი ასანიძის განცხადებით, აღმასკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც გაყიდულ თამაშებში მონაწილე ხუთ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცათ, ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.
"ის გადაწყვეტილება რომელიც აღმასკომმა მიიღო, ძალიან ლოგიკური იყო. ეს არის გარკვეული პრევენცია მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავს სიტუაციებთან საქმე აღარ გვქონდეს", - განაცხადა ასანიძემ.
გაყიდულ საფეხბურთო მატჩებში მონაწილე ხუთ ფეხბურთელს სამუდაო დისკვალიფიკაცია მიეცა. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მომხრე აღმასკომის 9 წევრი იყო, დანარჩენი 8 კი მოთამაშეებისთვის 5- წლიანი დისკვალიფიკაციის მიცემას ითხოვდა.
სამუდაო დისკვალიფიკაცია მიესაჯათ გიგა ბეჭვაიას - თბილისის "ვით ჯორჯია", როინ ონიანს და ლევან ვართაგავას - ზუგდიდის "ბაია" და სპარტაკ გოგიასა და კახაბერ კირთაძეს - "სამტრედია".