ამერიკის პროგრესის ცენტრის ექსპერტებმა საქართველოს კონფლიქტებში პროგრესის მოკლე ვადაში მიღწევის გეგმა შეიმუშავეს. პროგრამა სახელწოდებით "საქართველოს კონფლიქტებში პროგრესის მოკლე ვადაში მიღწევის გეგმა" ქართულ ენაზე "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის" ორგანიზებით ითარგმნა და გამოიცა.
ამერიკელი ექსპერტების, კორი უელტისა და სამუელ ჩარაპის მიერ მომზადებული კონცეფციის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა, გოგი ხუციშვილმა გამართა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ავტორები საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას კონფლიქტში პროგრესის მიღწევის მიზნით სთავაზობენ გარკვეულ რეკომენდაციებსა და იდეას "ჩართულობა არაღიარების გარეშე".
"ჩართულობა არ ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას, არც ევროპაში მათ ეკონომიკურ ინტეგრაციას. არამედ ეს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას, ხალხებს შორის ურთიერთობების დამყარებას და ისეთი გზების გამონახვას გულისხმობს, რომელიც მათ საქართველოსთან დააახლოებს", - განუცხადა გოგი ხუციშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განმარტებით, "თუ არ გამოგვივიდა ჩართულობა, ამით აღიარების პოლიტიკას შევუწყობთ ხელს".
"თუ ჩართულობა არ გამოვა, წავა აღიარების პროცესი და ეს ნათელია", - განმარტა ხუციშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს კონფლიქტში პროგრესის მიღწევის გეგმას, ავტორები სამ ძირითად მომენტზე ამახვილებენ ყურადღებას. პირველი: რუსეთმა შეასრულოს საქართველოს მიმართ აღებული ვალდებულები, მეორე: საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და ცხინვალს შორის გაფორმდეს ჰუმანიტარულ და ადამიანის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და მესამე: საქართველოსა და რუსეთს შორის შეიცვალოს ურთიერთობების დინამიკა.
როგორც ხუციშვილი აცხადებს, ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებული გეგმა საქართველოს მთავრობას უკვე გადაეგზავნა, თუმცა ის კონცეფციის სათაურთან დაკავშირებით უკმაყოფილოა.
"ამ გეგმას საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილება მოჰყვა. კერძოდ, მთავრობა იმას აპროტესტებს, რომ კონცეფციის სათაურში გამოყენებულია სიტყვა "კონფლიქტები" (იგულისხმება რუსეთთან, აფხაზეთთან და ცხინვალთან) და ქართული მხარის მსგავსად, მისი ავტორები არ მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონფლიქტი მხოლოდ რუსეთთან აქვს", - აღნიშნა ხუციშვილმა პრეზენტაციისას.
ამერიკის პროგრესის ცენტრის ექსპერტების მიერ მომზადებული აღნიშნული გეგმის პრეზენტაცია მოსკოვშიც გაიმართება.