ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო იქ მოქმედი ოპოზიცია, თავისივე უსაფრთხოების მიზნით იძულებულია ცხინვალის რეგიონის ფარგლები დატოვოს. ოპოზიცია აპირებს სერიოზული ბრძოლა აწარმოოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი საზოგადოებროივი მოძრაობა "სამართლიანი არჩევნებისათვის" წევრები ამ ბრძოლაში აქცენტის გაკეთებას მიტინგების ჩატარებაზე აპირებენ.
წინასაარჩევნო კამპანიას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიცია ვლადიკავკაზის ქუჩებში იწყებს. განცხადება ამის შესახებ, მოძრაობა "სამართლიანი არჩევნებისათვის" წევრმა ალან თადეევმა გააკეთა.
"უახლოეს დროში მიტინგის ჩატარებას ვგეგმავთ. ჩვენთან ძალიან ბევრი მიმართვა შემოდის სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთაგან, ასევე იმ ადამიანთაგან, რომლებიც სამხრეთ ოსეთიდან არიან, თუმცა ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ. მიმართვები მოგვდის მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, სოჭისა და რუსეთის სხვა ქალაქების ოსური დიასპორებიდან. მიმართვების გათვალისწინებით მიტინგი მრავალათასიანი უნდა იყოს", _ აცხადებს თადეევი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ამჟამად ტოტალიტარული რეჟიმი მყარდება.
"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ კოკოითმა, რომელიც კონსტიტუციის გარანტია, თავადვე დაარღვიოს იგი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა", _ აცხადებს თადეევი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 17 მაისს პასპორტიზაციის პროცესი იწყება. აქ საინტერესო ის არის, რომ პასპორტი მხოლოდ იმ ადამიანებს მიეცემათ, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
"შესაბამისად, ოპოზიციუნერთა უმეტესი ნაწილი პასპორტის გარეშე დარჩება, ანუ ვერც არჩევას შეძლებენ და ვერც არჩეულები იქნებიან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე", _ აცხადებს თადეევი და დასძენს, რომ ამ დისკრიმინაციულ მეთოდებთან ბრძოლა შესაძლებელია ორი გზით: იურისტების დახმარებით სასამართლოებში და რუსეთის ხელისუფლების დახმარებით. ამიტომაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციონერები ამჟამად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ცდილობენ.
"სამხრეთ ოსეთის ყველა მაცხოვრებელსა და წარმოშობით იქიდან მყოფ ადამიანს ხმის უფლება უნდა ჰქონდეს. ეს აუცილებელია. და ის ნაბიჯები რომლებსაც დგამს კოკოითი ხაზს უსვამს იმ უსამართლობას, რომელიც იქაა გაბატონებული. იგი სპეციალურად აკეთებს ამას. მას სურს, რომ ხმა მისცენ მხოლოდ მათ, ვისი იმედიც მას აქვს. ძალიან ბევრმა ახალგაზრდა ადამიანმა უკვე დატოვა სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და მათთვის ხმის უფლების ჩამორთმევა აბსურდია", _ აცხადებს ალან თადეევი და აღნიშნავს, რომ მისი ღრმა რწმენით რუსეთის ხელისუფლება კოკოითის "მესამედ გაპრეზიდენტებაში" დაინტერესებული არ არის.