"ქართული პარტიის" ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი კახეთში გამართულ გუშინდელ აქციებს 3-იანს უწერს.
"ქართულ პარტიას" ხელისუფლების შეცვლის კონკრეტული დღე არ გამოგვიცხადებია. ჩვენ ჯერ ვამოწმებთ პარტიის სტრუქტურების მზადყოფნას და ამის პირველი გამოცდა იყო კახეთში გუშინდელი აქციები და ლიდერებმა ის 5- ქულიანი სისტემის მიხედვით 3 + -ით შევაფასეთ", - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა რადიო "თავისუფლების" დილის გადაცემაში.
ამასთან, მისივე მტკიცებით, "ქართული პარტია" არ საუბრობს რევოლუციის გარდაუვალობაზე და მზადაა ხელისუფლების ცვლილება ხავერდოვანი სცენარით განახორციელოს.
"ჩვენ არ ვლაპარკობთ რევოლუციაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ მასობრივ სამოქალაქო აქტივობაზე იმ მიზნით, რომ მიღწეულ იქნას თავისუფალი არჩევნების გზით ახალი ხელისუფლების არჩევა. ნარინჯისფერი და ვარდების რევოლუცია არის კარგი მაგალითი იმისა, როგორც იცვლება სამოქალაქო პროტესტის ხარჯზე ხელისუფლება. არის ცოტა უფრო რთული სცენარებიც, როგორიცაა ბიშკეკის , ან ეგვიპტური მოვლენები, მაგრამ ჩვენ მზად ვართ განხორციელდეს ხავერდოვანი ვარიანტი", - განმარტა კიწმარიშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა "ქართული პარტიისა" და "სახალხო კრების" აქციები დროში ერთმანეთს დაემთხვეს, კიწმარიშვილი აღნიშნულს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მიზნის მიღწევა საზოგადოების გაყოფის იდეიის ხარჯზე არ მოხდება.
"არ ვფიქრობ, რომ "სახალხო კრების" აქციებზე დროში დამთხვევა გარდაუვალია,. ხელიშეშლა და მიზნის საზოგადოების გაყოფის იდეიის ხარჯზე მიღწევა არ უნდა მოხდეს", - დასძინა "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა.