ხვალ, 11 მაისს, კანის 64-ე კინოფესტივალი გაიხსნება. ფესტივალის ჟიურის მსოფლიო კინოვარსკვლავი რობერტ დე ნირო უხელმძღვანელებს. უნდა აღინიშნოს რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა მაყურებელს საკმაოდ საინტერესო პროგრამა მოუმზადეს. ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ კანის კინოფესტივალზე ირანელი ორი პოლიტპატიმრი რეჟისორის ჯაფარ პანახისა და მოჰამად რასულოფის ფილმებსაც აჩვენებენ.
ფესტივალის ორგანიზატორები მაყურებელს ჯაფარ პანახის ფილმს "ეს ფილმი არ არის" 20 მაისს ფესტივალის ოფიციალურ პროგრამის ფარგლებში უჩვენებენ, ხოლო მოჰამად რასულოფის ფილმი "ნახვამდის' 14 მაისს პროგრამის "განსაკუთრებული მზერა' ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ორივე ფილმი ნაწილობრივ იატაკქვეშეთის პირობებშია გადაღებული და ფესტივალის განკარგულებაში ბოლო დღეს მოხვდა.
პანახი და რასულოფი ანტისამთავრობო მოქმედებების ბრალდებით 2010 წლის 1 მარტს დააპატიმრეს.
იმავე წლის დეკემბერში მათ შეეფარდათ ექვსწლიანი პატიმრობა, 20 წლით აეკრძალათ პროფესიული საქმიანობა და ირანიდან გასვლა.
ფესტივალის პროგრამაში "განსაკუთრებული მზერა", რეჟისორ ბაკურ ბაკურაძისა და პროდიუსერ არჩილ გელოვანის მიერ რუსეთში შექმნილი ფილმი "მონადირეც" მონაწილეობს. ბაკურაძის კონკურენტები იქნებიან ისეთი ცნობილი ოსტატები, როგორებიც არიან კორეელი კიმ კი-დუკი (საუკეთესო რეჟისორი ფილმისთვის "Samaritan girl" ("სამარიტელი ქალი") და ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი გას ვან სენტი (მისი ფილმები არაერთხელ იყო წარდგენილი ოსკარზე, ბერლინალეზე, 2003 წელს მისი ფილმი "Elephant" ("სპილო") კანის ფესტივალზე ოქროს პალმით დაჯილდოვდა.
ბაკურ ბაკურაძე 1969 წლის 16 მარტს თბილისში დაიბადა. 1986 წელს სკოლის დასრულების შემდეგ მოსკოვის სამანქანო-საგზაო ინსტიტუტში ჩააბარა.
80-იანი წლების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კონკურსში ქართველი რეჟისორი მონაწილეობს. 1987 წელს "ოქროს კამერით" დაჯილდოვდა ნანა ჯორჯაძე ფილმისთვის "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა". ამავე წელს, თენგიზ აბულაძის ფილმმა "მონანიება" ჟიურის სპეციალური გრან-პრი,"FIPRESCI"-ს და ეკუმენური ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის მიიღო. წინა წლებში, კანის კინოფორუმის საკონკურსო პროგრამაში, რამდენიმე ქართველი რეჟისორის ნამუშევრებიც იყო წარდგენილი.