ფიროსმანის "შავ ლომთან" დაკავშირებით ყარამან ქუთათელაძის დაცვის მხარე მოსკოვის საქალაქო სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანს.
როგორც ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, ისინი სასამართლო განხილვის დასრულებამდე ნახატის დაყადაღებას მოითხოვენ.
"ვინაიდან ტერიტორიულად "შავი ლომი" მოსკოვშია, ბუნებრივია, სწორედ მოსკოვის სასამართლომ უნდა მიიღოს მასზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება. ეს აუცილებელია, რადგან არ არის გამორიცხული, პირებმა, რომლებმაც ტილო უკანონოდ მიისაკუთრეს, ის გაასხვისონ", - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ "შავ ლომზე" საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოშიც განიხილება. მხატვარი ყარამან ქუთათელაძე თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ნოტარიუსის იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომლითაც ტილო გასხვისდა.