23-26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავის აღსანიშნავად, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მხარდაჭერით, ჰააგაში "საქართველოს კულტურის დღეები" გაიმართება.
კულტურის დღეები 23 მაისს გაიხსნება კონცერტით "საღამო საქართველოში", რომელსაც Lucent Dastheatre უმასპინძლებს (მის.: Spuiplein 150, Den Haag). საღამოს პიანისტი ნინო გვეტაძე კლასიკური მუსიკის კონცერტით გახსნის. შესრულდება ნოდარ გაბუნიას, შოპენისა და ლისტის ნაწარმოებები. მეორე ნაწილი მიეძღვნება ქართულ ტრადიციულ ცეკვასა და მრავალხმიან სიმღერას ქართული ანსამბლის, "რუსთავის" შესრულებით. კონცერტს საპატიო სტუმარი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი დაესწრება.
ჰააგის მერია ქართულ ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. პროექტი "CityBooks" ფლამანურ-ნიდერლანდური სახლი "DeBuren"-ის ინიციატივაა. პროექტი წარმოადგენს ფოტოების და მოთხრობების კრებულს, რომელიც თბილისს ეძღვნება. მერიაში წარმოდგენილი იქნება ბელგიელი და ქართველი ფოტოგრაფების - ბერტ ფილიპის და კახა კახიანის ფოტოები.
კულტურის დღეების პროგრამა 24 მაისს ქართული ღვინის დეგუსტაციით გაგრძელდება. ღონისძიება სასტუმრო "Hilton Hotel Den Haag"-თან თანამშრომლობით დაიგეგმა. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ქართული ღვინო.
25 მაისს გაიხსნება "ქართული ბაზრობა" ჰააგაში (მისამართი: Plein, Den Haag). სხვადასხვა პავილიონში შესაძლებელი იქნება ქართული კულტურის უკეთესად გაცნობა, ქართული ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნება. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი სამკაული, ჭურჭელი, თექა და ა.შ. იმავე დღეს, "ნიუსპორტის" არტცენტრში დაგეგმილია ქართული თანამედროვე ხელოვნების გამოფენის ოფიციალური გახსნა. წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრების: ალექსანდრე ბანძელაძის, გია ეძგვერაძის, ილიკო ზაუტაშვილის, ოლეგ ტიმჩენკოს, ილია ჩიტაძის, ქეთი კაპანაძის ნახატები როზა ბადნურის პირადი კოლექციიდან.