მარჯანიშვილის თეატრში ქართველი და უკრაინელი დრამატურგებისთვის ლონდონის როიალ ქორთის თეატრის უორქშოფი ტარდება. უორქშოპი, რომელიც 8 მაისს დაიწყო და 13 მაისს დასრულდება, ბრიტანეთის საბჭოს, თუმანიშვილის თეატრის ფონდისა და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივი პროექტია
ლონდონის როიალ ქორთ თეატრის ასოცირებული დირექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი ელის დოჯსონი და ამავე თეატრის დრამატურგები ეიფრილ დე ანჯელისი და ნიკ ფეინი 14 ქართველ და უკრაინელ დრამატურგთან 6 დღის განმავლობაში იმუშავებენ და გაუზიარებენ გამოცდილებას, როგორ ხდება სხვადასხვა პროცესში დრამატურგების ჩართვა, პიესის ტექსტის განვითარება და/ან რეჟისურა.
ელის დოჯსონის განცხადებით, ამ უორქშოფის მიზანია, როიალ ქორთის თეატრისა და ქართველი და უკრაინელი პარტნიორების ურთიერთთანამშრომლობა ახალი თანამედროვე პიესების შემქნის მიზნით.
"ამ ჯგუფთან მუშაობისას შევეცდებით წვლილი შევიტანოთ ახალი პიესების შექმნაში, თუმცა ამავდროულად გვექნება ინდივიდუალური სესიები და წერითი დავალებებიც. უორქშოფის დროს ერთგვარ ბიძგს მივცემთ დრამატურგებს, ყურადღება გაამახვილონ იმ პრობლემებსა და საკითხებზე, რომლებიც მათთვის დღესდღეობით აქტუალურია. უორქშოფის დასასრულს, თითოეულ დრამატურგს ხელთ ექნება გეგმა და მასალა პიესების პირველი ვარიანტის დასაწერად. მონაწილეებს მუშაობისთვის გარკვეული ვადა მიეცემათ და მეორე უორქშოფები (უკრაინაში) უშუალოდ პიესების დასრულება-სრულყოფას დაეთმობა", - განაცხადა მან.
პროექტის პარტნიორები იმედოვნებენ, რომ ახალი დრამატურგიის ცნების შეთავაზება ხელს შეუწყობს ქართული და უკრაინული თეატრების განვითარებას, ასევე დიდი ბრიტანეთის პოპულარიზაციას შემოქმედებითი და ინოვაციური თვალსაზრისით და უზრუნველყოფს სამივე ქვეყნის შემოქმედთა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.