ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან გამსახურდიას განცხადებით, „ქართულ პარტიას", რომელიც დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან მანიფესტაციის გამართვას აპირებს, ყვარლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის, მანიფესტაციის ჩატარების შესახებ შეტყობინება არ გაუგზავნია.
„აქცია უნებართვოა. არავის არ გამოუგზავნია შეტყობინება. არ შეიძლება, მაგრამ ცემა - ტყეპას ხომ არ დავუწყებთ... მოვიდნენ და გამართონ აქცია", - აღნიშნა ყვარლის გამგებელმა.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი აღიარებს ადამიანთა უფლებას წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეკრებისა და მანიფესტაციისთვის არ ითვალისწინებს ნებართვის აღების ვალდებულებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრება იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას, შეკრების ორგანიზატორებს ეკისრებათ ვალდებულება, წინასწარ, 5 დღით ადრე შეატყობინონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელსაც თავის მხრივ ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოფს შეკრების უსაფრთხოება.