ფიროსმანის "შავ ლომთან" დაკავშირებით კოლექციონერ ვიაჩესლავ ეფიმოვის ინტერესებს ქართველი ადვოკატი გოჩა სვანიძე დაიცავს. ყარამან ქუთათელაძის ადვოკატები კი სარჩელს მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ხვალ წარადგენენ. დაცვის მხარე ნახატის დაყადაღებას მოითხოვს.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ტილოს გასხვისება და აუქციონზე გატანა შეუძლებელი იქნება, რაც მათი განცხადებით, ხელს შეუწყობს გამოძიებასა და სიმართლის დადგენას.
შეგახსენებთ, მხატვარი ყარამან ქუთათელაძე თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ნოტარიუსის იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომლითაც ტილო გასხვისდა. ფიროსმანის "შავი ლომის" ფიქტიური მესაკუთრე ვიაჩესლავ ეფიმოვის დედა ინგა ვარონინა ყარამან ქუთათელაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. ეფიმოვის დედა ამტკიცებს, რომ ქუთათელაძესა და მის შვილს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და ვიაჩესლავ ეფიმოვს მისგან 47 ნახატი ჰქონდა შეძენილი.