ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა თავისი ე.წ. მთავრობის ვიცე-პრემიერთან დომენტი კულუმბეკოვთან და ნავთობბაზის ხელმძღვანელთან ალან ჯიოევთან შეხვედრაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი საწვავის კრიზისის გამო "მთავრობა" გააკრიტიკა და მათ ნავთობსაცავის მშენებლობაზე დაფიქრება ურჩია. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ვიცი, რომ მთავრობის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო რესპუბლიკა საწვავ-საპოხი მასალების გარეშე დარჩა და აქვე მინდა ავღნიშნო უკიდურესად არაკომპეტენტური მიდგომა იმ საკითხისადმი, თითქოს რესპუბლიკას არ სჭირდება ნავთობბაზა და სამი-ოთხი გასამართი სადგურის მეშვეობით შესაძლებელია მთელი რესპუბლიკის უზრუნველყოფა", _ განაცხადა კოკოითმა და "მთავრობას" უმოკლეს ვადაში ამ პრობლემის აღმოფხვრა, "ფინანსთა სამინისტროს" კი ე.წ. რესპუბლიკაში საწვავის შემოტანისათვის თანხების მოძიება დაავალა.
ნავთობბაზის ხელმძღვანელთან ალან ჯიოევმა ამაზე განაცხადა, რომ ბენზინი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი რუსული საექსპორტო გადასახადების შემოღების გამო გაძვირდა. ამის გამო ოს სეპარატისტთა ლიდერმა "ბრძანა" : "გაკეთდეს ყველაფერი სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული მთავრობათაშორისი ხელშეკრულების ფარგლებში იმისათვის რათა სამხრეთ ოსეთში საწვავის ფასმა დაიკლოს".