ბათუმში შავი ზღვის ბიზნესცენტრის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა. მშენებლობის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. ფუნდამენტში კაპსულა სიმბოლურად მომღერალმა დიანა ბერიძემ ჩადო, რომელიც წარმომავლობით ბათუმელია და მოსკოვში მოღვაწეობს.
სააკაშვილმა ბიზნესცენტრის მშენებლობას მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ბათუმი საქართველოს ფინანსური ცენტრი გახდება. მისი თქმით, ბიზნესცენტრის ამოქმედება ეკონომიკურ აქტივობასა და დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამ ბიზნესცენტრის მშენებლობა ათიათასობით ადამიანს დასაქმების საშუალებას მისცემს. უფრო განვითარდება ეკონომიკური აქტივობა. ბათუმი იქნება არა მარტო საზაფხულო ქალაქი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ბიზნესცენტრი. ეს არის ჩემი პროექტი. თბილისი არის დედაქალაქი, ქუთაისი - საპარლამენტო დედაქალაქი, ბათუმი კი უნდა იყოს ფინანსური ცენტრი საქართველოსთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ანბანის კოშკის მშენებლობაც მოინახულა. ალფაბეტ თაუერის მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ივლისში დასრულდება. მისი თქმით, ეს იქნება ბათუმის სიმბოლო.