ოსი სეპარატისტები 9 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან. ამ დღესთან დაკავშირებით ცხინვალში საზეიმო აღლუმი გაიმართება. რუსული მედიის ინფორმაციით, აღლუმს ოს სეპარატისტთა ლიდერი, "მთავარსარდალი" ედუარდ კოკოითი ჩაიბარებს.
მათი ინფორმაციით, "მთავარსარდალთან", ცხინვალში გამართულ აღლუმს ასევე ჩაიბარებენ დიდი სამამულო ომის ვეტერანები.
ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. სახელმწიფო მრჩეველი ჟანა ზასეევა რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ცხინვალში გამართულ აღლუმზე მონაწილეობას მიიღებენ რუსული საოკუპაციო არმიის წარმომადგენლები.
"აღლუმზე ის სამხედრო ტექნიკა ჩაივლის, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ქართული აგრესიის მოგერიებაში იღებდა მონაწილეობას", _ აცხადებს ზასეევა. მისი თქმით, გასულ წელს სამხრეთ ოსეთში 37 დიდი სამამულო ომის ვეტერანი გარდაიცვალა და დღეისთვის იქ 136 ვეტერანი დარჩა.