მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა შპს `ექსპრესდიაგნოსტიკის~ დამფუძნებლები თეიმურაზ აზიკური, რევაზ თაყაიშვილი და პაატა გამცემლიძე დააკავა. მათ ბრალად ედებათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) და საბაჟო დოკუმენტების გაყალბება.
პროკურატურის ინფორმაციით, 2006-2010 წლებში საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა საკვები დანამატით უზრუნველსაყოფად, ტენდერში გამარჯვბულ შპს `ექსპრესდიაგნოსტიკას~ გადაეცა 2 230 000 ლარი.
გამოძიებით დადგინდა, რომ `ექსპრესდიაგნოსტიკის~ დამფუძნებლები დაუკავშირდნენ ევროპასა და აზიაში პროდუქციის დისტრიბუტორ კომპანიას STRADFORT GROUP MENEGMENT LTD "-ს და მის წარმომადგენელთან _ სერგეი მარკოვთან შეთანხმებით, ათეთრებდნენ ფულს, აყალბებდნენ შემოტანილი პროდუქციის ინვოისებს საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემების შეტანის გზით. სანაცვლოდ კი, აღნიშნული კომპანია ე.წ. ატკატის სახით რიცხავდა თანხებს თეიმურაზ აზიკურის, რევაზ თაყაიშვილისა და პაატა გამცემლიძის საბანკო ანგარიშებზე ჩეხეთსა და ავსტრიაში.
სულ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 2 230 000 ლარიდან შპს `ექსპრესდიაგნოსტიკის~ დამფუძნებლებმა მიითვისეს 660 000 ლარი.
თეიმურაზ აზიკურს, რევაზ თაყაიშვილს და პაატა გამცემლიძეს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით და 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 12 წლამდე პატიმრობა ელით.