მეტრომშენის დასახლებაში ინციდენტი მოხდა - ქუჩურ გარჩევაში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. შედეგად ორი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა.
თვითმხილველების განცხადებით, კონკრეტულად რა გახდა ჩხუბის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ თავდაპირველად შელაპარაკება ერთ-ერთი ახალგაზრდის სახლში დაიწყო და ერთ-ერთმა მათგანმა ლაშა ფარქოსაძე სწორედ მაშინ დაიჭრა. არის ვერსია, რომ ფარქოსაძეს მისმა მეგობარმა გელა შველიძემ ესროლა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბი მოგვიანებით გაგრძელდა ქუჩაში სადაც კიდევ ერთი მათი მეგობარი დავით გობეჯიშვილი დაიჭრა.
სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს ერთ-ერთი ბრალდებული ლაშა ლაბაძე, რომელიც ამ ჩხუბში მონაწილეობდა და გამოძიების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით სწორედ მან მოახდინა გასროლა დავით გობეჯიშვილის მიმართ.
ამ დროისათვის სამართალდამცავები მეორე ბრალდებულს გელა შველიძეს ეძებენ.
დაჭრილები არამიანცის სახელობის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მათ შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტრდათ. ლაშა ფარქოსაძე ფეხში იყო დაჭრილი, ხოლო მეორე დაჭრილის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო. ექიმების განცხადებით არც ერთი დაჭრილის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული ამ ჩხუბში სხვა პირთა მონაწილეობის საკითხიც გამოიკვეთოს. რაც შეეხება დაკავებულ ლაშა ლაბაძეს, მას ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობის მუხლით და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.