მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ჯანდაცვის სფეროში კიდევ ერთი კორუფციული სქემა გაშიფრა.
საუბარია ქართულ და ცნობილ უცხოურ კომპანიებს შორის ფარულ გარიგებებზე. ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალი 660 ათასი ლარია. აღნიშნული ფაქტის შესახებ საქმის დეტალებს მთავარ პროკურატურაში 15:00 საათზე გაახმაურებენ.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ ჯანდაცვის სფეროში დარღვევები აღმოაჩინა. ცოტა ხნის წინ ბიუჯეტის კუთვნილი, მილიონზე მეტი ლარის მითვისებისათვის შპს. "ნუგეშის" დირექტორი დააკავეს, რომელსაც ქვეყანაში ჰემოფილიით დაავადებულთათვის მედიკამენტები შემოჰქონდა. მანამდე კი, ამავე ბრალდებით, კომპანია "ვიავიტას" ხელმძღვანელები აიყვანეს, რომელთაც სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი ბიუჯეტის თანხები მიითვისეს და ამით ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით აზარალეს.