ქარელის რაიონის სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა რომელიც დღეს უნდა გამართულიყო გადადებულია. აღნიშნულ მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი შშ სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი თბილისში არ იმყოფება. ოსური მხარის ინფორმაციით, შეხვედრა მიმდინარე წლის 11 მაისს უნდა გაიმართოს.
ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებული ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ 11 მაისს დაგეგმილი შეხვედრა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ "სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების ბედის გარკვევას მიეძღვნება". ჩოჩიევი აცხადებს იმასაც, რომ ქართულმა მხარემ არ შეასრულა ევროპის საბჭოს კომისრის თომას ჰამარბერგის რეკომენდაციები, რომლებიც დაკარგული ფლიევის, ხაჩიროვისა და ხუგაევის მოძიების საქმეს ეხებოდა.
"საქართველოს ხელისუფლება ასევე უარყოფს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების კაბისოვის, ტადეევის, გაგლოევისა და იკაევის ყოფნას. ამასთან დაკავშირებით, ოსური მხარე აზრს ვერ ხედავს ამ შეხვედრევის გაგრძელებაში", _ აცხადებს ჩოჩიევი თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ოსური მხარე, ითვალისწინებს რა უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების საკითხის უდიდეს მნიშვნელობას, თანხმობას აცხადებს მონაწილეობა მიიღოს 11 მაისს დაგეგმილ შეხვედრაში.
"მაგრამ თუ მომდევნო შეხვედრის დროს ქართული მხარე ამომწურავ ინფორმაციას არ მოგვაწვდის ჩვენი მოქალაქეების შესახებ, სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას აზრი არა აქვს", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.