ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი, როგორც ჩანს მესამე ვადით "პრეზიდენტობას" აპირებს და ამისათვის "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავს. თავად კოკოითი აცხადებს, რომ ვერაფერს უხერხებს ადამიანებს, რომლებიც სთხოვენ და არწმუნებენ მას "მესამე ვადით პრეზიდენტად დარჩეს".
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთაგან შემდგარმა ჯგუფი, რომელსაც ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იბრაგიმ გასეევი ხელმძღვანელობს გამოდის მოწოდებით ჩატარდეს რეფერენდუმი ედუარდ კოკოითის "მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით". ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი ოპოზიცია ყოველივე ამას "სპექტაკლს" უწოდებს. თავად კოკოითი კი ჯერ- ჯერობით აცხადებს, რომ მესამე ვადით "პრეზიდენტობას" არ აპირებს.
კოკოითის "მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევის" მომხრე საინიციატივო ჯგუფმა ცხინვალში ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია უკვე ჩაატარა და განაცხადა, რომ "ამ ინიციატივამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა რაიონსა და რეგიონში მხარდაჭერა ჰპოვა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით".
ცხინვალში საინიციატივო ჯგუფის მიერ ამ განცხადების გაკეთებიდან ერთი საათიც არ იყო გასული, რომ მორიგი განცხადებით ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი გამოვიდა და რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მესამე ვადით კენჭისყრასა და თავისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.
"მე ჩემი სიტყვის ერთგული ვრჩები და მესამე ვადით კენჭისყრას არ ვაპირებ. ამასთან ერთად არავის მივცემ კონსტიტუციის დარღვევის უფლებას. ხელისუფლების გადაბარება ძირითად კანონთან მკაცრ შესაბამისობაში განხორციელდება", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მას არც იმის უფლება აქვს, რომ ხალხს საკუთარი ნების გამოხატვა აუკრძალოს.
"ჩემი მხრიდან მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს სერიოზული სიგნალი - ადამიანების საპასუხო რეაქციაა იმაზე, რომ არის მცდელობები რესპუბლიკაში ვითარების დესტაბილიზება მოხდეს და მე ჩემის მხრივ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ ხელისუფლების სათავეში კრიმინალი მოვიდეს. მე ყოველთვის მქონდა სამხრეთ ოსეთის ხალხის მხარდაჭერა და გაგება და ვიცი, რომ ეს ინიციატივა თავის გონივრულ გადაწყვეტას ჰპოვებს", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი და აღნიშნავს, რომ "არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში კანონისა და საკონსტიტუციო ნორმების სრულ შესაბამისობაში წარიმართება და სწორედ ამიტომაც მე მათში მონაწილეობას არ მივიღებ".