ბრიუსელში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა პირველი შეხვედრა გაიმართა. სხდომას შვედეთის, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი თავმჯდომარეობდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის წევრი და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ უწყებათა ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაში ევროპული მხრიდან, ასევე, მონაწილეობდნენ ყოფილი ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი, ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოს, ევროკომისიის, ევროპარლამენტის, რეგიონების კომიტეტის, ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის, ევროპული საინვესტიციო ბანკისა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის წარმომადგენლები. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი 2009 წლის 7 მაისის პრაღის სამიტიდან დღემდე, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე, ასევე, შემდგომ ნაბიჯებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობა იყო. შეხვედრაზე დამტკიცდა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში ჩამოყალიბებული ოთხი თემატური პლატფორმის ძირითადი მიზნების ამსახველი დოკუმენტები და 2009-2011 წლების სამოქმედო პროგრამები.
საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა ერთობლივი სამუშაო სადილით დაიწყო, რომელზეც ევროკომისიამ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" განხორციელების ანგარიში წარმოადგინა. გარდა ამისა, წარიმართა მსჯელობა შვედეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ მომავალში ინიციატივის განხორციელების პერსპექტივებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ხედვაზე.
მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს სამუშაო სადილის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ სიტყვით გამოსულიყვნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოსთვის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით. გრიგოლ ვაშაძემ ხაზი გაუსვა ქართული მხარის აქტიურ მონაწილეობას "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივი თანამშრომლობის ოთხივე თემატური პლატფორმის ყველა შეხვედრაში, მათ შორის პლატფორმების საბაზისო სამუშაო დოკუმენტების შემუშავებაში. გრიგოლ ვაშაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებზე რიგ სფეროებში და ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზადყოფნას გაუზიაროს ინიციატივაში მონაწილე სხვა პარტნიორ ქვეყნებს დადებითი გამოცდილება. მან, ასევე, ისაუბრა ინიციატივის მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე, მათ შორის შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებასა და დაფინანსების გაზრდის საჭიროებაზე.
ერთობლივი სამუშაო სადილის შემდეგ გაიმართა პლენარული სესია, რომელსაც შეხვედრის ზემოხსენებულ მონაწილეთა გარდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პლენარული სესია ძირითადად დაეთმო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, რომლის საფუძველზეც გაიმართა მსჯელობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" განხორციელების გზებზე და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე.