აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონს პანამის არხის გამოყენებისთვის მაღალი ტარიფები აქვს დაწესებული, უსაფუძვლოა და შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ნათქვამია Wall Street Journal-ის სარედაქციო სტატიაში.
"ტრამპის მტკიცებას, რომ პანამა ამერიკელებს ართმევს, საფუძველი არ აქვს. თითოეული გემი, განურჩევლად დროშისა, იხდის ერთსა და იმავე ტარიფს ტონაჟისა და ტიპის მიხედვით", - წერენ მასალის ავტორები.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 1999 წელს პანამისთვის პანამის არხის სრულად სამართავად გადაცემას თან ახლდა შიში, რომ ქვეყანა "უუნარო იქნებოდა ემართა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტი".
"მაგრამ პანამის არხის მენეჯმენტმა მიაღწია კარგ შედეგებს მთავრობისგან ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შენარჩუნებით და ბიზნესის პრინციპებით მოქმედებით", - ნათქვამია სტატიაში.
კონსერვატორული გამოცემა New York Post-ი, ტრამპის ახლო გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ არჩეული პრეზიდენტი სერიოზულად განიხილავს პანამის არხისა და გრენლანდიის დასაკუთრების იდეას.
"პრეზიდენტი 100 პროცენტით სერიოზულია", - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
NYP-ის სხვა წყაროები ამბობენ, რომ ტრამპი არ ხუმრობს, როდესაც საქმე ეხება გრენლანდიას და პანამის არხს.
როგორც NYP-ის წყარო აღნიშნავს, ტრამპი დარწმუნებულია, რომ "იმპერიები, რომლებიც არ იზრდებიან, მარცხდებიან".
"იგი იწონებს აშშ-ის პრეზიდენტებს, რომლებიც ემხრობოდნენ აშშ-ის კონტინენტზე გაფართოების იდეას", - თქვა წყარომ.
ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ დაუჯერებელია, ტრამპი სამხედრო გზით ეცადოს სასურველი ტერიტორიების მოპოვებას. მისი თქმით, აშშ გამოიყენებს მოლაპარაკების ტაქტიკას, რათა შეამციროს ტარიფები პანამის არხის გამოყენებაზე და გაზარდოს აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა გრენლდანდიაზე.
დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კუნძული გრენლანდია, რომელიც ავტონომიის უფლებით, იდანიის ნაწილია, "აბსოლუტურად აუცილებელია" შეერთებული შტატებისთვის. ხუთი წლის წინ ტრამპმა უკვე შესთავაზა კოპენჰაგენს გრენლანდია ამერიკისთვის მიეყიდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა დე ფაქტო დაიკავა გრენლანდია, რათა ის გერმანელების ხელში არ ჩავარდნილიყო. კუნძული გახდა ევროპაში ამერიკული ოპერაციების მნიშვნელოვანი ბაზა.
ომის დასრულების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კუნძული დანიის კონტროლს დაუბრუნა, მაგრამ შესთავაზა მისი გამოსყიდვა, რაზეც უარი მიიღო.
თუმცა კუნძულზე ჯერ კიდევ არის დიდი ავიაბაზა, რომელსაც ამერიკელები ნატო-ს პარტნიორობის ფარგლებში იყენებენ.
ამავე თემაზე
ტრამპის განცხადების შემდეგ დანია გრენლანდიის თავდაცვის ხარჯებს მკვეთრად ზრდის
ტრამპი პანამის არხზე აშშ-ის კონტროლის აღდგენით იმუქრება