ეკვადორში მომიტინგეები თავს დაესხნენ მანქანების კოლონას, რომელთაგან ერთ-ერთში ქვეყნის პრეზიდენტი, დანიელ ნობოა იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, ინციდენტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კანიარის პროვინციაში მოხდა.
ეკვადორის გარემოს დაცვის მინისტრმა, ინეს მანსანომ, განაცხადა, რომ ნობოა კანარში წყლის გამწმენდი ნაგებობის გახსნაზე მიემართებოდა, როდესაც მისი ავტოკოლონა ასობით მომიტინგემ ალყაში მოაქცია.
მინისტრის ცნობით, ადგილზე დაახლოებით 500 ადამიანი მივიდა და ქვების სროლა დაიწყო. მისივე თქმით, პრეზიდენტის მანქანაზე ნატყვიარებიც აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, ავტოკოლონაზე თავდასხმასთან დაკავშირებით სულ მცირე ხუთი ადამიანი დააკავეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ მათ „ტერორიზმისა და მკვლელობის მცდელობისთვის“ პასუხისმგებლობას დააკისრებდა.
ნობოას ავტოკოლონაზე თავდასხმის ინციდენტი სექტემბრის ბოლოსაც მოხდა. CNN-ის ცნობით, მაშინ ნობოას ავტოკოლონას ქვები დაუშინეს.
ამ დროს პრეზიდენტთან ერთად მანქანაში უცხოელი დიპლომატები იმყოფებოდნენ, მათ შორის ვატიკანის წარმომადგენელი და ევროკავშირის ელჩი. პოლიტიკოსებიდან არავინ არ დაშავებულა.
ნობოას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ეკვადორში სექტემბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. ამის მიზეზი გახდა ხელისუფლების უარი ქვეყანაში დიზელის საწვავის სუბსიდირებაზე.
ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ახსნა სახელმწიფო ხარჯების შემცირების, საწვავის კონტრაბანდასთან ბრძოლისა და სოციალური პროგრამებისთვის თანხების გამოთავისუფლების სურვილით.
მას შემდეგ ეკვადორის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან შეტაკებებში, რასაც სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ქვეყნის მთავრობა არეულობის ორგანიზებაში ნარკოკარტელებს ადანაშაულებს და მთავრობის წარმომადგენლებზე თავდასხმებს ტერორისტულ აქტებს უწოდებს.