აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ამომრჩევლებთან შეხვედრებს მაინც მართავს, მიუხედავად განცხადებებისა, რომ იგი ე. წ. საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაბმული არ არის.
დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში და მის მიერ დასახელებული აფხაზეთის ე. წ. ვიცე-პრეზიდენტობის კადიდატი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს თავდაცვის სამინისტროში შეხვდნენ.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები, სამხედრო ნაწილების მეთაურები, სამხედროები და კურსანტები.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ წარმოთქვა. ე. წ. პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ მან წარადგინა. ამის შემდეგ უკვე შეკრებილ საზოაგდოებას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მიმართა.
"დღევანდელი სიტუაცია მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც 4 წლის წინ იყო. დღეს ჩვენ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. თქვენთან აგიტაციის მიზნით არ მოსვულვართ. მოვედით იმიტომ, რომ ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოზე მოგვეთხრო", _ განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი 5 წლის განმავლობაში 400 მილიონიდან 2 მილიარდ რუსულ რუბლამდე გაიზარდა.
"სახელმწიფო გააგრძელებს არმიისთვის დიდი ყურადღების მიქცევას; სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამსახურეობრივი საცხოვრებლით, ახალი ფორმები ექნებათ და სამხედრო სპეციალისტების მომზადება გაგძელდება", _ განაცხადა მან.
ამას გარდა, ბაღაფშის ინფორმაციით, ერთ-ერთ სამხედრო ქალაქში ახალი ყაზარმაც აშენდება.