"რესპუბლიკურმა პარტიამ" სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილის ქართული თარგმანი გამოაქვეყნა. როგორც პარტია იუწყება, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახადაა დადასტურებული პრაქტიკულად ყველა ის ბრალდება, რასაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებდა ამ საქმესთან დაკავშირებით.
"მოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებას აშკარად აკლდა სათანადო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და ყურადღება. საქმის შესაბამისი გარემოებები უფლებას აძლევს სასამართლოს გააკეთოს დასკვნა, რომ გამოძიების წარმოებისას ხელისუფლების ორგანოები მოქმედებდნენ ამ პრინციპების საწინააღმდეგოდ. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის საქმიანობის ნაკლოვანება ცალკე აღებული შესაძლოა არ იყოს საკმარისი გამოძიების არა-ადეკვატურობისათვის, მათი ერთობლიობის კუმულაციური ეფექტი საკმარისზე მეტია ამ შემთხვევაში. სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების ხმაშეწყობილი მოქმედებით იმისათვის, რომ ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლიანი მრთლმსაჯულება არ აღსრულებულიყო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინსტრაციის მიერ დაკავებული პირების უკანანოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ადრეული გათავისუფლება, და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება", - ნათქვამის გადაწყვეტილების ქართულ ვარიანტში.
რესპუბლიკური პარტიის მტკიცებით, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ ამგვარ საქმეებზე სახელმწიფოს ადექვატური მოქმედება აბსოლუტურად აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აღვივებს განცდას, რომ "სახელმწიფო ტოლერანტულია სიცოცხლისათვის საშიში მოქმედებების მიმართ, რამაც შესაძლოა ხელი გაუხსნას ძალადობრივ დანაშაულს, მაგალითად, ისეთს, როგორიც ამ შემთხვევაში იყო ჩადენილი".
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.