სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაისჯება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სისხლის სამართლის კოდექსში".
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
როგორც საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მიღების მიზანია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშებით მარკირების გარეშე ტრანსპორტირების შემთხვევაში, დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ შემოღებულ იქნეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები.
აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2011 წლის 1 ივლისიდან შევა.