ფოთში რამდენიმე დიდი საწარმო და ქარხანა აშენდება. ამის შესახებ დღეს, ქალაქში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიასთან უკვე კონტრაქტები და კონკრეტული ვალდებულებებიც არსებობს.
"ფოთში მომავალ წელს იგეგმება ახალი ინვესტიციების ჩადება. გარშემო იქმნება მშენებლობის დიდი ფრონტი, თუმცა ეს იქნება მხოლოდ ვაჭრობასა და ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული. წელს დავიწყეთ და მომავალ წელს ასევე გაიშლება დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ფრონტიც, რომელზეც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დასაქმდება და რაც მთავარია, ეს არის მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რომელიც რეალურად აამუშავებს ჩვენს ინდუსტრიას. ჩვენი ვვარაუდობთ ფოთში რამდენიმე ძალიან დიდი საწარმოსა და ქარხნის აშენებას და ამაზე უკვე კონკრეტული კონტრაქტები და ვალდებულებები არსებობს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის თქმით, დაგეგმილია რომ ფოთში დამონტაჟებული საჰაერო რადარი ბათუმის, მესტიისა და ანაკლიის გარდა ქუთაისის აეროპორტსაც დაფარავს,
"ჩვენ ასევე ვვარაუდობთ, რომ ფოთში შევიყვანოთ ქუთაისის აეროპორტი. ჩვენი მიზანია იქ იფრინოს ბევრმა ავიაკომპანიამ და ბილეთები იყოს ყველაზე იაფი.. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ფოთში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა , ეს ქალაქი როგორც გარანტია ჩვენი ეკონომიკური წარმატების, როგორც სიმბოლო იმისა, რასაც ჩვენ ყველანი ვგეგმავთ, ნამდვილად დადგება ფეხზე და ბოლომდე გაიმართება წელში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში სტუმრობისას, სადაც მან საჰაერო რადარი გახსნა.