"დროა უკვე თბილისმა შეწყვიტოს ყვირილი", _ აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის წარმომადგენელი ალექსანდრე პოჩინოკი და საქართველოს სოჭის ოლიმპიადის წინ პროვოკაციების დაუშვებლობის შესახებ აფრთხილებს.
"უნდა გესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოს რეალიები იარაღის ჟღარუნი კი არ არის, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა და მოსახლეობის პრობლემების განხილვის დაწყებაა.
დროა უკვე თბილისმა შეწყვიტოს ყვირილი - მოდით დაუყოვნებლივ შევიყვანოთ ქართული ჯარი აფხაზეთში და ა.შ. მედვედევმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობაა საჭირო და აქ ყველაფერია დამოკიდებული საქართველოზეც, რუსეთზეც, აფხაზეთზეც და სამხრეთ ოსეთზეც. თუმცა რუსეთმა საკმაოდ მრავალი ნაბიჯი გადადგა და მზადაა ნებისმიერი მოლაპარაკებისათვის, თუკი ისინი კონსტრუქციულია. ხოლო თუკი საქართველო არაკონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს ძალიან ცუდი იქნება", _ აცხადებს რუსი მაღალჩინოსანი და აღნიშნავს, რომ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უპრეცედენტო ზომებია მიღებული.
"მიღებულია უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები. ისინი ძალიან მკაფიო და ჭკვიანურია და გარანტირებულად არ უშვებს ტერორისტების შეღწევას ოლიმპიადის ჩატარების უზარმაზარ ტერიტორიაზე", _ აცხადებს ალექსანდრე პოჩინოკი.