სოხუმში სარატოვის საქალაქო დუმის დეპუტატი ალექსანდრე ვანცოვი აფხაზმა ქურდებმა ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გაძარცვეს. ვანცოვი პარტია "ედიანაია როსიას" წევრია. იგი სოხუმში მოსკოვის სამხედრო ოლქის სანატორიუმში ისვენებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შვებულების მცირე დროის განმავლობაში ვანცოვი აფხაზეთში ორჯერ გაძარცვეს. გასულ შაბათს, როდესაც დეპუტატი ე.წ. პრეზიდენტის სასახლესთან სეირნობდა, მას უცნობმა პირებმა ფოტოაპარატი გასტაცეს. მეორედ კი ვანცოვს ჯიბიდან ბოროტმოქმედებმა დაახლოებით 1.500 რუბლი ამოუღეს.
"შევედი აფთიაქში, რათა წამალი მეყიდა. აფთიაქში ორი ვაჟი და მოლარე იმყოფებოდნენ. გამყიდველი ცდილობდა ესაუბრა ჩემთან, მანამ ვიდრე დამნაშავეები მის ჯიბეებში იჩხრიკებოდნენ. მოლარემ ჯერ უარი განმიცხადა ხურდის დაბრუნებაზე და განაცხადა, რომ მას არ აქვს 5 რუბლი. ფულის ნაცვლად, შემომთავაზა, ამეღო პლასტირი, რაზედაც უარი განვაცხადე. მისი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩემი ყურადღება მოედუნებინა. მან მაინც მომცა 5 რუბლი, რომელიც ჩავიდე ჯიბეში და აღმოვაჩინე, რომ ის ცარიელია. ერთი წუთის წინ კი იქ 1500 რუბლი მედო", _ აცხადებს ვანცოვი.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა აფთიაქიდან გასვლა მოასწრო. ვანცოვი მას მეზობლად მდებარე მაღაზიაში დაეწია, კვლავ აფთიაქში მიიყვანა და პერსონალს მილიციის გამოძახება სთხოვა, თუმცა აფთიაქში მყოფებმა ამაზე უარი განაცხადეს.
"როდესაც მიხვდნენ, რომ არ გავჩერდებოდა, ჩემ მიერ დაკავებულმა მამაკაცმა 500 რუბლი მომცა და შემდეგ კიდევ მომცა 500. თუმცა ისევ მოვითხოვდი მილიციის გამოძახებას", _ აცხადებს სარატოველი დეპუტატი და დასძენს, რომ საბოლოო ჯამში ვანცოვს აფხაზი ქურდი გაექცა და მხოლოდ მისი ფოტოსურათი დარჩა, რომელიც მობილური ტელეფონით გადაიღო.
"საბოლოო ჯამში, ვანცოვმა მილიცია მაინც გამოიძახა, რომლებმაც თავის მხრიც ქურდი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ იგი სამჯერ იყო ნასამართლევი ქურდობისთვის. ამჟამად მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ სარატოველი დეპუტატი აფხაზეთში დასასვენებლად კიდევ ერთ კვირას დარჩება.