მთავარი პროკურატურა კერძო სკოლებს სასწავლო დაწესებულებებში მანდატურების ინტიტუტის დანერგვისკენ მოუწოდებს.
მთავარი პროკურატურა შესაბამისი რეკომენდაციით კერძო სკოლა "ჯი-ვი-ემ-ში" მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამოვიდა, რომლის დროსაც დირექტორის შვილმა, მე-9 კლასელმა გიორგი ვარდიაშვილმა მე-10 კლასის მოსწავლე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
"ყველა სკოლაში წარმატებით იმუშავა მანდატურის ინსტიტუტმა. ეს არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის რაოდენობას ამცირებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კერძო სკოლას დანერგონ მანდატურის ინსტიტუტი", - განუცხადა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ.
აღსანიშნავია, რომ დღესვე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძემ. მისი განმარტებით, 2011 წლის ბოლომდე ყველა კერძო სკოლამ ავტორიზაცია უნდა გაიაროს, რასაც მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის გარეშე ვერ გაივლის.