კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველმა სამგანზომილებიანმა პორნოგრაფიულმა ფილმმა "3D Sex and Zen: Extreme Ecstasy" ახალი რეკორდი დაამყარა.
სტივენ შიუს სურათმა, რომლის გადაღებაც 3,5 მილიონი დოლარი დაჯდა, ჰონკონგში ჩვენების პირველი ოთხი დღის განმავლობაში 1,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი რამდენიმე ათეული ათასით მეტია, ვიდრე ყველაზე ცნობილი სამგანზომილებიანი ფილმი "ავატარი".
ჰონკონგური ფილმის წარმატება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მან კინოგაქირავებაში მესამე კატეგორია დაიმსახურა. ფილმის ყურება მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ.
იმის მიუხედავად, რომ სურათის ღირებულება 15 დოლარია, კინოთეატრები მაყურებელს ვერ იტევენ.
"3D Sex and Zen: Extreme Ecstasy"-ის შემოსავლებმა ორჯერ გადააჭარბა მესამე კატეგორიის ყოფილ რეკორდსმენ სურათს "ვნება და სიფრთხილე".
ფილმი სხვა ქვეყნებშიც პოპულარობით სარგებლობს. ტაივანში მისმა შემოსავალმა პირველი სამი დღის განმავლობაში ნახევარ მილიონ დოლარს მიაღწია. სურათი, რომელიც სექსუალური კადრებით, ძალადობითა და შავი იუმორითაა სავსე, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში პოპულარობით სარგებლობს. ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც სურათის ჩვენება იკრძალება, მაისის დღესასწაულებზე ჩინელი მაყურებლისთვის ჰონკონგის მიმართულებით სპეციალური ტურები მოეწყობა.
ფილმის საფუძველია მე-16 საუკუნის ეროტიული რომანი. ლი იუის ნაწარმოები გართობის მოყვარული მამაკაცის ისტორიას გადმოსცემს, რომელიც მეუღლეს სპეციალურად გაეყრება, რათა საკუთარი თავი აღმოაჩინოს. ამ "ძიების" პროცესში იგი საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმების მიმართ გამომწვევად იქცევა.