კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა კახეთში პენსიებზე ინკასო 533 პენსიონერს დაუდო. საგადასახადო სამსახური პენსიონერებს სხვადასხვა დროს დაკისრებული ჯარიმებისა და საურავების გადახდას ედავება. ინკასო ადევს ასობით სოციალურად დაუცველი ოჯახის საარსებო შემწეობასაც.
ინკასოს დადების გამო პენსიონერები კუთვნილ პენსიებს, სოციალურად დაუცველები კი სოციალურ დახმარებას ვეღარ იღებენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებებში აცხადებენ, რომ ინკასოს დადებისა და მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო სამსახური იღებს.
შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
პენსიების გარეშე დარჩენილი მოხუცები დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, თუმცა მუნიციპალიტეტების გამგებლები აცხადებენ, რომ ეს საკითხი ფინანსთა სამინისტროს და მთავრობის მიერ არის გადასაწყვეტი.