დუმის დეპუტატ ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებით, ერთადერთი დანაპირები, რომელიც რუსეთს საქართველოსადმი არ შეუსრულებია, თბილისის აღება და პრეზიდენტ საააკაშვილის დაპატიმრებაა.
„რუსეთმა არ შეასრულა თავისი დანაპირები. ვგულისხმობ იმას, რომ თბილისი უნდა აეღო და სააკაშვილი დაეპატიმრებინა. ნატოს მხრიდან ჩვენ მიმართ მხოლოდ ამ საკითხზე წაყენებული პირობები იქნებოდა სამართლიანი. სხვა პრეტენზიები კი მხოლოდ პროვოკაციული სიტყვები და მოქმედებებია. რუსეთს საქართველოს წინაშე ნაკისრი ყველა სხვა ვალდებულება შესრულებული აქვს, მათ შორის მედვედევი-სარკოზის შეთანხმებაც", - განუცხადა ჟირინოვსკიმ ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს კომისიის მიერ მიღებულ განცხადებაზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, ის, რომ რუსეთმა აფაზეთისა დ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა „ცოტა უკეთესია, ვიდრე კოსოვოს აღიარება".
შეგახსენებთ, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც ბერლინში გაიმართა სპეციალური განცხადება იქნა მიღებული. მასში ალიანსი ორგანიზაციაში საქართველოს სწრაფვას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს, რაც შეეხება მოსკოვს კი, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.